ფლორიდაში ამერიკული კომპანიის, Silk Road Wines Foundation-ის მიერ საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა.
10 სექტემბერს, ფლორიდაში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების - Wine for Warriors შედეგად მიღებული თანხის ნაწილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობას მოხმარდება.
ჩვენი ფონდის ამერიკელი მეგობრები კვლავ აგრძელებენ ქართველი დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერას. ამერიკულმა კომპანიამ Silk Road Wines Foundation, შარშანდელის მსგავსად, წელსაც, 10 სექტემბერს ფლორიდაში ჩაატარა საქველმოქმედო ღონისძიება - Wine for Warriors Gala. შარშან გამართულ ღონისძიებაზე შემოსული თანხების ნაწილი კომპანია Silk Road Wines Foundation-მა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ ჩაურიცხა. ეს თანხა ფონდის მმართველობას ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა პირადად გადაცეს თბილისში, ტრადიციული საქველმოქმედო საახალწლო გალა ვახშამზე. სწორედ ასევე, წელს გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შედეგად Silk Road Wines Foundation კვლავაც გაიღებს შემოწირული თანხის ნაწილს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ Silk Road Wines Foundation-ის თანადამფუძნებლებს ამ კეთილშობილი ინიციატივისთვის. საქველმოქმედო ღონისძიებამ, ისევე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც წარმატებით ჩაიარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შტატის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ბიზნესი, ადგილობრივი მმართველობა, საქართველოს ელჩი ამერიკაში, ფონდის თანადამფუძნებელი - პაატა პატიაშვილი, ასევე, საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა. გამოსვლისას მან აღნიშნა თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში და მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს ქართველი გმირების თავგანწირვის დაფასებისთვის.