ახლად დაარსებული ფონდის მზრუნველობა გავრცელდება არა მხოლოდ მოქმედ დაჭრილ სამხედროებზე, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაშავებულ ვეტერანებზეც.
ფონდის დაფუძნების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ავსტრიის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და საფრანგეთის ელჩები, სამხედრო ატაშეები, ნატოს ძირითადი ჯგუფის და ამერიკის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, დაჭრილი სამხედროები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და სხვა. ფონდის საქმიანობა დალოცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები.
საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, მხარი დაუჭირეს სილქნეტის ინიციატივას და კერძო სექტორს ჩართულობისკენ მოუწოდეს.
ფონდის თანადამუძნებლები არიან კომპანია სილქნეტი, დავით მამულაიშვილი (სილქნეტის გენერალური დირექტორი) და პაატა პატიაშვილი (თავდაცვის სამინისტროს ფონდის ყოფილი დირექტორი). ფონდის გამგეობას წარმოადგენენ გიორგი რამიშვილი, თავმჯდომარე (სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), ალექსი თოფურია, თავმჯდომარის მოადგილე (სილქ როუდ ჯგუფის და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) და გამგეობის წევრი დავით მამულაიშვილი, რომელიც ასევე ფონდის დირექტორია.
სილქნეტმა აიღო ვალდებულება, რომ ყოველწლიურად, სულ მცირე, 100,000 ლარი გაიღოს ფონდის დასაფინანსებლად და მუდმივად იზრუნოს ფონდის მხარდამჭერთა ზრდაზე. სილქნეტის ინიციატივას უკვე შეუერთდა კომპანია „დეტი“, რომელიც ფონდის ანგარიშზე ყოველწლიურად 20,000 ლარს შეიტანს. „ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 ლარით დავეხმარებით ჩვენს გმირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანხა წლიდან წლამდე გაიზრდება და სხვადასხვა კომპანიებიც მხარში დაგვიდგებიან ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მებრძოლებით და ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი მიზანია მორალური და მატერილური დახმარება გავუწიოთ მათ.“ - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.