2021-12-18, პრესრელიზი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2021 წელს აჯამებს და კიდევ უფრო აფართოებს მხარდამჭერთა წრეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ

სილქნეტის მიერ დაფუძნებული  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ მესამე წელია არსებობს. დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი ლარი დაიხარჯა ჩვენი დაჭრილი მეომრების, ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებზე. 15 დეკემბერს ფონდმა ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო ვახშამი გამართა და 2021 წლის ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას.  

 

ფონდი ამ საქმეში თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანების უწყებასთან თანამშრომლობს. წელს თავდაცვის სამინისტროსთან თანადაფინანსებით ჩატარდა 5 ურთულესი ოპერაცია საზღვარგარეთ. ვეტერანების უწყებასთან ერთობლივმა თანადაფინანსებამ კი ფონდის მთლიანი დაფინანსებების მეოთხედი შეადგინა. ფონდის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა საზოგადოებას წლის ანგარიში წარუდგინა და რამდენიმე მეომრის ისტორიაც გააცნო სტუმრებს, რომლებმაც 2008 წლის ომის დროს მძიმე დაზიანებები მიიღს და წელს ფონდის დაფინანსებით საზღვარგარეთ ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები: სულ ფონდმა 2021 წელს დაჭრილი მეომრების დასახმარებლად 437 ათასი ლარი გაიღო, რითაც 81 სამხედრო მოსამსახურეს და ვეტერანს დაეხმარა, დააფინანსა მათი ოპერაციები, მედიკამენტოზური მკურნალობა, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადება და არასრულწლოვანი შვილების მკურნალობა.  

საქველმოქმედო ვახშამზე ფონდში შემოწირულობები ჩარიცხეს სხვადასხვა კომპანიამა. წლევანდელი შემაჯამებელი საქმიანობა გამორჩეულია იმით, რომ  ქართულ კომპანიებთან ერთად შემომწირველთა შორის იყო ამერიკული კომპანია Silk Road Wines, რომელიც მხარს უჭერს ამერიკელ ვეტერანებს. სექტემბერში ამ კომპანიამ ფლორიდის ქალაქ ორლანდოში საქველმოქმედო ვახშამი ჩაატარა და მიღებული შემოწირულობების ნაწილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ გაუნაწილა. ფონდის საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდნენ ამერიკიდან კომპანიის თანადამფუძნებლები ბარი გრირი და იანიკ არაკელოვი. მათ 77 750 ლარის ჩეკი გადასცეს ფონდის გამგეობას. მთლიანად ამერიკული და ქართული კომპანიების მიერ შემოსულმა შემოწირულობებმა 267 ათასი ლარი შეადგინა, რასაც 2022 წელს კიდევ სილქნეტის 300 000 ლარი დაემატება. ასეთი მობილიზებული სახსრებით ფონდი მომავალ წელსაც განაგრძობს დაჭრილი მეომრების დაფინანსებას: ეს არის ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების შეძენა, პროფესიული გადამზადების კურსები და არასრულწლოვანი შვილების სხვადასხვა საჭიროებების დაფინანასება. 

საქველმოქმედო ღონიძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას: დიპლომატრულ კორპუსს, ნატოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის წარმომადგენლებს, დაჭრილ მეომრებსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვიდეო მიმართვებით შემოუერთდნენ ფონდის ამერიკელი მხარდამჭერები და გამგეობის წევრები. ყოველივე ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი დონის მხარდაჭერა გააჩნია ფონდს ამერიკის მხრიდან. პირდაპირი ჩართვით შეუერთდა ღონისძიებას აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალი უესლი კლარკი. მისი ბიოგრაფიის თითოეული ეტაპი შთამბეჭდავია. იგი ვესტპოინტის და ოქსფორდის კურსდამთავრებულია. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, მეთაურობდა მოკავშირე ძალების ოპერაციას კოსოვოს ომის დროს ნატოს ევროპის უზენაესი მეთაურის პოსტზე. დაჯილდოებულია არაერთი მაღლი რანგის ორდენითა და მედლით, მათ შორის უმაღლესი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით. 

ბრიწყინვალე სამხედრო კარიერის შემდეგ იგი  შეუერთდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის რბოლას. მოგვიანებით, მხარი დაუჭირა და კამპანია გაუწია დემოკრატიული კანდიდატის, ჯონ კერის. დღეს აქტიურად მოღვაწეობს ასევე საკონსულტაციო კუთხითაც. მუშაობდა 100-ზე მეტ კერძო და საჯარო კომპანიასთან ენერგეტიკის, უსაფრთხოებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.  

იგი საქართველოში ნამყოფია და აქვს დიდი სურვილი, რომ კიდევ ეწვიოს ჩვენს ქვეყანას. ამჯერად, კი ამერიკიდან განხორციელებული პირდაპირი ჩართვით გამოხატა თავისი მხარდაჭერა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისადმი“. მან ძალიან შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა შეკრებულ საზოგადოებას და მაღალ დონეზე შეაფასა ფონდის საქმიანობა.  გენერალმა მიმართა ვეტერანებს და აღნიშნა, რომ თავადაც კარგად აქვს გამოცდილი ომის შედეგად მიღებული დაზიანების სიმძიმე და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს: „ჩვენ, ვეტერანებს არცერთს არ გვინდა ომი. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით არა ომისთვის, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრძოდით რწმენით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებით.“ ასეთი იყო მისი მთავარი გზავნილი, რითაც მან მთელს მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.  

ღონისძიებაზე მორიგი ვიდეო გზავნილი ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონისგან იყო, რომელმაც ფონდს და დაჭრილ მეომრებს მიმართა მხარდაჭერით. „ჩემი ოთხი ვაჟი მსახურობდნენ ერაყში, ეგვიპტესა და ავღანეთში, სადაც ქართველ ჯარისკაცებთანაც ჰქონდათ ურთიერთობა და მე ვიცი, თუ რაოდენ გამოჩენინლი არიან ისინი. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მხარდამხარ იბრძოდნენ მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის დასამყარებლად და ეს ძალიან დასაფასებელია“,- ასე გამოეხმაურა ქართველ მეომრებს და ფონდის საქველმოქმედო საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას კონგრესმენი ჯო ვილსონი. 

წელს ფონდის ცნობადობა ფართო ასპარზზე გავიდა და ამაზე მეტყველებს ამ ადამიანთა სახელები, რომლებიც ფონდს მხარდაჭერაა უცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. წელს ფონდის ბორდში გაწევრიანდა აშშ-ის საზღვაო ფლოტის გადამდგარი ოფიცერი და სამხრეთ კაროლინის შტატში  საქართველოს საპატიო კონსული, დევიდ შიმპი. მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ფონდის საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის. 

ფონდის მმართველობაში შეიქმნა მრჩეველთა საბჭოც. მას უხელმძღვანელებენ ამერიკული არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდის Give an Hour-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბარბარა ვან დალენი და მისი მეუღლე, ასევე ფონდის თანადამფუძნებელი რენდი ფელპსი. ეს ადამიანები ფონდს დაარსებიდან მხარში უდგანან. წელს კი თავად გამოთქვეს სურვილი და კეთილი ნება, რომ ფონდს მრჩეველთა საბჭოს თანათავმჯდომარეების სტატუსით შემოუერთდნენ.  

დოქტორი ბარბარა ვან დალენი 2012 წელს ჟურნალი თაიმსის მიერ დასახელდა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის იმ წვლილის გამო, რაც მან შეიტანა თავისი საქმიანობით. იგი არის ექსპერტი ომის ფსიქოლოგიური ზეგავლენისგან რეაბილიტაციის კუთხით და დახმარებას უწევს ამერკელ ვეტერანებს და მათ ოჯახებს. მათი გამოცდილება და აქტიური საზოგადოებრივი სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია ფონდისთვის. ეს ადამიანები მზად არიან, ხელი შეუწყონ ფონდის პოპულარიზაციას ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან წრეებში, მოიზიდონ თანხები და გაუწიონ ფონდს კონსულტაციები.  

ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა პირდაპირ მეტყველებს ფონდის რეპუტაციულ მდგრადობაზე და სანდოობაზე. ის, რომ შენს მხარდამხარ ზრუნავდნენ ასეთი რანგის ადამიანები, უდავოდ დიდი მიღწევა და წარმატებაა ფონდისთვის. ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართულნი ამერიკის საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათი ზეგავლენა როგორც სამოქალაქო, ასევე მმართველ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით ყურადსაღებია. ეს ყოველივე კი ქართული ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა საერთაშორისო დონეზე. ასეთი მაღალი ხარისხის სანდოობა ფონდს სამომავლოდ საქმიანობის შემდეგ ეტაპზე აყვანას უწინასწარმეტყველებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაჭრილ და დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომი ფონდის“ სახით კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა ექნება და ეს მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურთან ერთად ძალიან დიდ და კარგ საქმეებს გააკეთებს მომავალში. 

15 დეკემბრის ღონისძიებას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი და თავდაცვის მინისტრი, ასევე ნატოს მეკავშირე ოფიცერი. თავიანთ გამოსვლებში მათ აღნიშნეს დაჭრილი მეომრების დიდი წვლილი და ხაზი გაუსვეს, რომ მათდამი ყურადღება და მათზე ზრუნვა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ საქმეში კი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მნიშვნელობა განსაკუთრებულია.    

ეს არის კარგი მაგალითი  ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობისა. ფონდის დამფუძნებელი კომპანია სილქნეტი და მისი მმართველობა სთავაზობს სხვა კომპანიებსაც და მთელ საზოგადოებას, რომ შემოუერთდნენ, რათა ფონდის საქმიანობა გახდეს საყოველთაო.  ეს არის ფონდი, რომლის მიზანია, მხარში დაუდგეს ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს. ეს არის ფასეულობა, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა გავერთიანდეს - ასეთი იყო ფონდის გამგეობის გზავნილი გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე.  

„ეს ნათელი მაგალითია, თუ რა მხარდაჭერა აქვს ამ ფონდს, რა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არამარტო,- განუცხადა შეკრებილ საზოგადოებას ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა და განსაკუთრებული მოწიწებით მიმართა დაჭრილ მეომრებს,- მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ხალი წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა“. 

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა