5 თებერვალს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2024 წლის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, ასევე, სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი - ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატოს სამეკავშირო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, დაჭრილი მეომრები, ბიზნესი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა: “ჩვენი გმირი მეომრების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელზეც მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის მისწრაფება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ყველა ასეთ შეკრებას ყოველთვის ამდენი საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი, ამდენი ქართული საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ფონდის საერთაშორისო მეგობრების ჩვენი დაჭრილი მეომრების ურყევი მხარდაჭერისთვის.
ამ რამდენიმე დღეში ქართულმა ბიზნესებმა და კერძო პირებმა უკვე 300 000 ლარამდე ჩარიცხეს ფონდის ანგარიშზე, რაც სილქნეტის ყოველწლიურ 300 000 ლარს დაემატა. ფონდსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წელს ერთობლივად გაწეულმა თანადაფინანსების თანხამ 1 070 000 ლარი შეადგინა. ვფიქრობ, რომ 2025 წელსაც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას და შევძლებთ, რომ მილიონ ლარზე მეტი მოვახმაროთ ჩვენი დაჭრილი მეომრების და მათი ოჯახების საჭიროებებს.”
ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 2024 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 100 დაჭრილ მებრძოლს, ასევე მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს გაუწია დახმარება ჯანმრთელობის, განათლებისა და ადაპტაციის საკითხებში, რაზეც 1 097 000 ლარი დაიხარჯა.
„ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია (ვალდებულებაში, პირველ რიგში კეთილ ნებას ვგულისხმობ), რომ ჩვენი ემოცია დავანახოთ ჩვენს დაჭრილ მებრძოლებს, რაღაც ფორმით დახმარება გავუწიოთ, ზოგმა შეიძლება მატერიალურად, ზოგმა ემოციის გამოხატვით, ვისაც რითი შეგვიძლია. ფონდიც ერთ-ერთი ფორმატია ჩვენი გმირების დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. ვეხმარებით როგორც დაჭრილ მეომრებს, ისე მათი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს, მეუღლეებს. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი და კეთილი საქმეა, რასაც ერთიანობაში ყველა ვაკეთებთ: თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანთა სამსახური, სილქნეტი და ყველა ის ფიზიკური პირი, ვინც თუნდაც ერთ ლარს მაინც შემოწირავს ამ ფონდს“, - განაცხადა დავით მამულაშვილმა მედიასთან საუბრისას.
ღონისძიებაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის მიმართ გაწეული სამსახურისთვის: „წლების განმავლობაში ჩვენმა ოფიცრებმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიპოვეს ძალიან დიდი პატივისცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არაერთხელ დაუმტკიცებიათ მათ, რომ არიან საიმედო პარტნიორები და ყველა ოპერაციის დროს, როდესაც ქართველ ჯარისკაცს, ქართველ ქვედანაყოფს მიუღია მონაწილეობა, ისინი გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით და საიმედოობით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ“.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ნატოს სამეკავშირო ოფისის ოფიცერი, პოლკოვნიკი ბერათ ტელი, რომელმაც აღნიშნა ქართველი სამხედროების დიდი წვლილი სამშვიდობო მისიებში. სიტყვით გამოვიდა, ასევე, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელმაც ფონდის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მას არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ იმ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ფონდი ახორციელებს წლების განმავლობაში.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს ამერიკიდან ვიდეო ჩართვით მიესალმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბორდის საპატიო წევრი, საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ კაროლინაში, დევიდ შიმპი: „გამარჯობა. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მრავალწლიანი კავშირი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“. ფონდმა ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა საქართველოს დაშავებული ჯარისკაცების ხილული და უხილავი ჭრილობების შემსუბუქებისთვს და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის სხვადასხვა სახით. ფონდი აგრძელებს წინსვლას ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივებით, როგორიცაა დაჭრილთა შვილების განათლების მხარდაჭერა, ასევე, ისეთი უნიკალური პროგრამა, როგორიცაა „ჯარისკაცები საფარიში“. ეს საერთაშორისო დაფინანსების პროგრამაა ომში მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვების მქონე ვეტერანებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხანგრძლივი მეგობრობა და უაღრესად პატივსაცემი პარტიონობა აკავშირებს ქართველ სამხედროებთან, განსაკუთრებით ერაყსა და ავღანეთში, ასევე დიდია სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ,“- დასასრულს, მან ქართულად დიდი მადლობა გადაუხადა ფონდის მხარდამჭერებს -„დიდი მადლობა. ძალა ერთობაშია“.
პრეზენტაციის დასასრულს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობისა და პარიტეტულ საწყისზე თანადაფინანსების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა გელაშვილმა.
ფონდის 2025 წლის საქმიანობისთვის არაერთმა კომპანიამ და ადამიანმა განახორციელა შემოწირულობა, რამაც 300 000 ლარამდე შეადგინა. ფონდის დამფუძნებელი კომპანია სილქნეტი ფონდში ტრადიციულად 300 000 ლარს ჩარიცხავს. ფონდის შემოწირულობების რაოდენობა წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.