
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” 19 დეკემბერს ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო ვახშამი გამართა, რომელზეც მოწვეულ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, სამხედრო ატაშეები, ნატოს მეკავშირე ოფისის ოფიცერი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. საგანგებოდ მოწვეულნი იყვნენ ფონდის ბენეფიციარები - ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავდნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა:
“წელს ფონდმა და თავდაცვის სამინისტრომ დაჭრილ მებრძოლთა, ვეტერანთა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ერთობლივად 1 150 000 ლარი გაიღეს, საიდანაც ფონდის წილმა 835 000 ლარი შეადგინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გავრცელდა არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. სულ უფრო მზარდია დახმარება ჩვენი გმირების და ასევე მათი მეუღლეების და შვილებისთვის განათლებაში, ახალი უნარების შეძენაში და მცირე საწარმოების დაარსებაში. ეს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი მებრძოლების ყოველდღიურობის, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
სანამ იქნება სილქნეტი, ეს ფონდიც იარსებებს. ვამაყობთ, რომ ამ ფონდის ნაწილი ვართ. დიდი მადლობა ჩვენს გმირებს თავდადებისთვის, დიდი მადლობა ფონდის შემომწირველებს და ფონდის ყველა მეგობარს.“
ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა წელი შეაჯამა. მან ისაუბრა ფონდის მიერ განხორციელებულ დაფინანსებებზე და პროექტებზე:
„ჩვენ, სილქნეტისა და ყველა სხვა მხარდამჭერის ერთიანი ძალისხმევით 2025 წელს, ვფიქრობ, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გავუწიეთ დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. მეუღლეებისა და არასრულწლოვანი შვილების მხარდაჭერის მიმართულებებით, გასულ წელთან შედარებით, ფონდის დახმარება, პრაქტიკულად, ორჯერ არის გაზრდილი. დაჭრილთა მეუღლეებისთვის დავაფინანსეთ პროფესიული გადამზადების კურსები, სადაც ფონდის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ქონდათ, დაუფლებოდნენ პროფესიას და მიეღოთ ის საბაზისო ცოდნა, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი მცირე საწარმოს გახსნაში. უკვე არაერთი წელია, ბენეფიციარების არასრულწლოვან შვილებსისთვის, ინგლისური ენის შემსწაველ კურსებს, ფონდთან ერთად დიდი ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს. ეს პროგრამა 100-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა. ასევე, წელს ფონდთან თანამშრომლობა დაიწყო დავით ბეჟუაშვილის საგანმანათლებლო ფონდის ინიციატივით დაარსებულმა სკოლამ - „ლიდერობის აკადემია საბადომ“. მინდა, ასევე აღვნიშნო, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის მხარდაჭერა. მათი ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია, ტარდება საქველმოქმედო მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად. მადლობას ვუხდი ყველა მხარდამჭერს. მიმაჩნია, რომ ყველა სახის მხარში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაფასოთ ჩვენი გმირები და ვიზრუნოთ მათი და მათი ოჯახების საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციისთვის“.
2025 წლის განმავლობაში ფონდის 160 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. 489 000 ლარით დაფინანსდა 63 სამხედრო მოსამსახურის, 346 000 ლარით - 97 ვეტერანის სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი საჭიროებები. მოზიდული სახსრებით ფონდმა უზრუნველყო ასევე ბენეფიციართა ოჯახებისთვის სამედიცინო სერვისები და სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.
შეკრებულ სტუმრებს ვიდეო მიმართვებით შემოუერთდნენ ფონდის ამერიკელი მეგობრები. ამერიკის არმიის გადამდგარი გენერალი, ვესლი კლარკი ფონდის დაფუძნების პირველივე დღიდან მისი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია.
“შობის წინა დღეებში ჩემთვის განსაკუთრებით საპატიო და სიმბოლურია, ორიოდ სიტყვით მოგმართოთ სწორედ ამ გადმოსახედიდან, რადგან ბჰჰვიცი, ქართველი ხალხიც ამავე ფასეულობებს იზიარებს. კარგად მოგეხსენებათ, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს. იმ ადამიანებს, რომლებიც მე-18 საუკუნეში, ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების შექმნამდე, კონტინენტურ არმიაში იბრძოდნენ, თავი არ დაუზოგავთ ამ ფასეულობების მოსაპოვებლად. ასე გრძელდებოდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. დღევანდელი თქვენი შეკრებაც იმ ადამიანებისადმი პატივის მიგებას ემსახურება, ვინც საქართველოში მშვიდობისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა. ვფიქრობ, წელიწადის ეს დრო ძალიან სიმბოლურია ასეთი ღონისძიების ჩასატარებლად. შობა ახლოვდება. ეს ის დღესასწაულია, როდესაც განსაკუთრებით უნდა გამოვხატოთ მადლიერება ყოველივესთვის, რაც ფასეულია. თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც ადამიანებს ბრძოლით მოუპოვებიათ თავიანთი ქვეყნისთვის. გისურვებთ საღამოს სასიამოვნოდ გატარებას. მინდა, გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით ვართ და ყოველთვის მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას წარმატებისაკენ. დიდი მადლობა”,-ამერიკის არმიის გადამდგარი გენერალი, ვესლი კლარკი.
სტუმრებს, ასევე, ვიდეო ჩართვით მიმართა ფონდის ბორდის საპატიო წევრმა, საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ კაროლინაში, ბატონმა დევიდ შიმპმა: “გამარჯობა. საღამო მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით სამხრეთ კაროლინადან, ჩარლსტონიდან. მე ვარ დევიდ შიმპი და ამაყი ვარ იმით, რომ ვარ WWSF ფონდის ბორდის წევრი. პატივია, თქვენს წინაშე სიტყვის წარმოთქმა დღევანდელ საღამოზე. იმედითა და მოვლენებით აღსავსე დროში მოწიწებითა და მადლიერებით მოვაპყრობთ ჩვენს ფიქრებს თქვენსკენ. თქვენი გულუხვობით და თანამონაწილეობით ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა გმირი ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მხარდასაჭერად. ეს ადამიანები დაატარებენ ისეთ ჭრილობებს, რომელთაგან ზოგი ხილულია, ზოგიც, კიდევ უფრო საშინელი და თვალით უხილავი. ფონდმა ამ გმირი ადამიანებისთვის, რომელთაც ესოდენ ბევრი შესწირეს სამშობლოს, უზრუნველყო საჭირო სამედიცინო მომსახურება და პროფესიული უნარების დაუფლება. პროფესიული გადამზადება უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, საკუთარი თავის რწმენისა და პატივისცემის გამყარებისთვის, რათა ახალი ძალებით დაუბრუნდე ცხოვრებას. ფონდი ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს სხვადასხვა მიმართულებით, რათა უკეთესობისკენ შეცვალოს მათი ცხოვრება. ჩემი მხრიდან მადლობელი ვარ თქვენი გულისხმიერი მხარდაჭერისათვის. გისურვებთ სასიამოვნო საღამოს და ბედნიერ შობას. ძალა ერთობაშია“.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტს. გაფორმდა მემორანდუმი ფონდსა და “ლიდერობის აკადემია საბადოს“ შორის. სკოლა დაფუძნებულია დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით. ეს არის არაფორმალური განათლების ჰაბი, რომელიც ფონდის ბენეფიციარის შვილებისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ეს არის სივრცე სადაც მომავალ თაობებს საშუალება ეძლევათ შეიცნონ საკუთარი ნიჭი და აღმოაჩინონ თავი, საბადო აძლევთ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ ლიდერებად. საბადო შეიქმნა განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც სხვადასხვა სფეროში ტარდება მარტერკლასები და ვორკშოფები. ბავშვებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, შეხვდნენ მათთვის საინტერესო გამოჩენილ ადამიანებს, გაესაუბრონ, დაუსვან კითხვები და პირადად მოისმინონ მათი წარმატების ისტორიები.
საქველმოქმედო საღამოზე საფუძველი ჩაეყარა მომდევნი წლის შემოწირულობების შეგროვებას. ღონისძიების მსვლელობისას 200 000 ლარამდე თანხა შეგროვდა. სახსრების მოძიება მომავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო კომპანია სილქნეტი კი, რომელიც ფონდის მთავარი დონორია, ფონდის ანგარიშზე ტრადიციულად 300 000 ლარს ჩარიცხავს.