ტრადიციულად, წლის ბოლოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ საზოგადოებას განვლილი წლის ანგარიშს წარუდგენს. გამონაკლისი არც 2020 წელი იყო. ფონდს არ შეუჩერებია თავისი საქველმოქმედო საქმიანობა არც პანდემიის პირობებში, უფრო მეტიც, ასეთ ყველასათვის რთულ დროს ფონდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს. ფონდის 2020 წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო ღონისძიება ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვით გაიმართა ვირტუალურ რეჟიმში, რომელსაც შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები, ევროკავშირის ელჩი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების, საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრების, ქალთა ასოციაციისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიება ფონდის დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა გახსნა. თავის სიტყვაში მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა დაჭრილი მებრძოლების მიმართ. დაჭრილ მებრძოლებს მიმართა და ფონდის საქმიანობას გამოეხმაურა თავის სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა და გამგეობის წევრმა, დავით მამულაიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ფონდის 2020 წლის საქმიანობის დეტალური ანგარიში. ფონდის მიერ გაღებული თანხები 655 000 ლარს აღემატება. დაფინანსდა 84 დაჭრილი მებრძოლი: 59 ვეტერანი და 25 სამხედრო მოსამსახურე.
დაფინანსდა:
24 ოპერაცია - 531,230.62 ლარით
3 საზღვარგარეთ მკურნალობა - 23,006.62 ლარით
9 არასრულწლოვანი შვილების სარეაბილიტაციო კურსები და ოპერაციები - 15,463.67 ლარით
15 ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 39,778.89 ლარით
1 ბენეფიციარის საცხოვრებელი ფართის ადაპტირება - 2,457.90 ლარით
2 რეაბილიტაციის კურსი - 3,529.00 ლარით
3 სასწავლო კურსი პროფესიული გადამზადების მიზნით - 4,328.25 ლარით
27 სამედიცინო მომსახურება - 35,818.63 ლარით
„მიუხედავად იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც წელს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ჩვენი ქვეყანაც აღმოჩნდა, ფონდს არ შეუჩერებია თავისი საქველმოქმედო საქმიანობა. ასეთ ყველასათვის რთულ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გვერდით დავუდგეთ ჩვენს დაჭრილ მეომრებს და მათ საჭიროებებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. გვინდა, რომ ამაში ბევრი სხვა ადამიანი შემოგვიერთდეს, მათი თავდადების დაფასება ყველა მოქალაქის ვალია და დიდი პატივია“,-ამ სიტყვებით მიმართა ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ვირტუალურ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ არსებობს იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს ადამიანებს, რომლებიც ჩვენი დროის გმირები არიან, ადამიანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური და მორალური ტრამვები მიიღეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის ბროძოლაში. ისინი ჩვენგან დიდ მოწიწებას და პატივისცემას იმსახურებენ. ისინი თავიანთი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ფასად იცავდნენ ჩვენს მომავალს. დღეს კი ჩვენი ვალია, მხარში დავუდგეთ მათ. ერთად ჩვენ ბევრად უფრო მეტს გავაკეთებთ - ასეთია ფონდის გამგეობის ხედვა.
„კომპანია „სილქნეტი“ ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდის ანგარიშზე. საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი წევრის მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ფონდისთვის და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თანხა იქნება ეს. როდესაც ჩვენი განწყობითა და დამოკიდებულებით მხარში დავუდგებით დაჭრილ მეომრებს და გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას მათ მიმართ, ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თანხები, რომელსაც ჩვენ გავიღებთ. ყველა შემოწირულობა ერთნაირად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“,- განაცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.