15 დეკემბერს სილქნეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო სადილი გამართა. ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები.
სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მსგავსი ფონდების საქმიანობაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში აქტიურად არის ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი და საზოგადოება. „სილქნეტის“ მიერ დაფუძნებული ფონდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოშიც პრიორიტეტული გახდეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების თანადგომა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
„სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა“ და ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა და „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა და ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას და ბიზნეს სეგმენტს სამშობლოს დამცველი მეომრების და მათი ოჯახების ღირსეული ყოფის უზრუნველყოფისთვის, გაერთიანების ინიციატივით მიმართეს.
არაერთმა კომპანიამ და ადამიანმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, რომ მხარდაჭერა აღმოეჩინა ფონდისთვის. რიგმა კომპანიებმა ღონისძიების გამართვამდე გადარიცხეს თანხები ფონდის ანგარიშზე. ასევე, მნიშვნელოვანი შენატანები გაიღეს სხვა კომპანიებმა და დამსწრე საზოგადოებამ საქველმოქმედო სადილის მსვლელობისას.
ფონდი მაქსიმალურად გამჭვირვალედ აწარმოებს თავის საქმიანობას და პერიოდულად გამოაქვეყნებს ამ საქმიანობის ანგარიშს. ამისათვის, ფონდის მმართველობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმართავს ფონდის საქმიანობის აუდიტს.