13 სექტემბერს ლისის ტბაზე ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად. გარბენი სილქნეტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის ძალების, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციისა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.
საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი მეგობრები და ოჯახის წევრები. სპორტულმა ღონისძიებამ განსაკუთრებული აზარტის და ხალისის ფონზე ჩაიარა. მონაწილეთა შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვებიც.
გარბენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, აერჩიათ სამი განსხვავებული დისტანცია: 3 კმ სახალისო გარბენი/სიარული, ან საშეჯიბრო 5 კმ-იანი და 13 კმ-იანი დისტანციები. ამ საშეჯიბრო დისტანციებში პირველი სამი საპრიზო ადგილის გამარჯვებულ ქალსა და მამაკაცს გადაეცათ მედლები 5 და 13 კილომეტრიან დისტანციებში. შერატონ მეტეხი პალასმა კი პირველი ადგილის გამარჯვებულები დაასაჩუქრა.
რეგისტრაციის საფასური 50 ლარი იყო. მსურველებს მარათონში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება TKT.ge-ს მეშვეობით შეეძლოთ. მონაწილეებს დაურიგდათ ბრენდირებული მაისურები და სამახსოვრო მედლები. რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ 13 750 ლარი შეადგინა. თანხა სრულად ჩაირიცხა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.
საქველმოქმედო გარბენის მხარდამჭერები იყვნენ TKT.GE, ლისის ტბა, Trail Lab, შერატონ მეტეხი პალასი, ლიტვური საცხობი და Sip N Snack. “დაჭრილ მებრძლოთა თანადგომის ფონდი” დიდ მადლობას უხდის გარბენის ორგნიზატორებსა და მხარდამჭერებს.