დაჭრილ მებრძოლთა კვირეული
30 ივნისს საქართველოში დაჭრილ მებრძოლთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მართავს დაჭრილ მებრძოლთთა კვირეულს წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში. წელს გამართულ კვირეულს ფონდის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ. მიღებას ტრადიციულად ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსი, სამხედრი ატაშეები და სხვა საპატიო სტუმრები. კვირეული ველოსპორტის საჩვენებელი შეჯიბრებით დაიწყო და მომდევნო დღეებში სხვადასხვა სპორტული ასპარეზობებით გაგრძელდა.
გიორგი რამიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს. ეს ადამიანები თავიანთი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა საომარ მოქმედებებში. ზოგი მათგანი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში იღებდა მონაწილეობას და საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მხრიდან იბრძოდნენ მსოფლიოში მშვიდობისათვის. სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიზანი სწორედ ამ ადამიანებზე ზრუნვაა. ამ საქმეში ჩვენ მთავრობასთან და ბიზნესთან ერთად ვთანამშრომლობთ. გვიერთდებიან ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, დავაფასოთ ჩვენი სამშობლოს დამცველები და გავერთიანდეთ მათთვის ღირსეული ყოფის უზრუნველსაყოფად. ამისათვის ჩვენი ფონდი არაერთ საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობს. ასეთია Invictus Games Foundatio-ი. მათგან მიღებული გრანტით ჩვენ შევიძინეთ 10 ცალი მჯდომარე კალათბურთის ეტლი. ჩვენი დაჭრილ მებრძოლთა გუნდი მონაწილეობას მიიღებს "ძლიერთა თამაშებში", რომელიც წელს გაიმართება დუსელდორფში და ჩვენს მიერ გადაცემული ეტლების მეშვეობით მოემზადებიან ამ შეჯიბრებებისთვის. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ჯანმრთელობა“.