19 სექტემბერს ლისის ტბამ მორიგ, რიგით მეოთხე საქველმოქმედო გარბენს უმასპინძლა, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას მიეძღვნა და შეგროვებული თანხა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში” გადაირიცხა. ფონდი 2018 წელს „სილქნეტმა“ დააფუძნა, რათა იზრუნოს სამშობლოს დამცველ გმირებსა და მათ ოჯახებზე. ფონდის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი ელჩები, დიპლომატები და სამხედრო ატაშეები.
საქველმოქმედო გარბენის ტრადიციას საფუძველი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით ჩაეყარა. წინა წლებთან შედარებით, სპორტული ღონისძიება განსაკუთრებული მასშტაბურობითა და ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.
ღონისძიების მთვარი სპონსორი იყო კომპანია „სილქნეტი“, ორგანიზატორები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ თავდაცვის მოხალისე, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: TKT.GE, ლისის ტბა, TrailLab, შერატონ მეტეხი პალასი, მოგზაური, ჯინო ფარადაისი და Garmin.
გარბენში ჩაერთვნენ ქართველი სამხედროები, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები, მოხალისეობრივი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები და ბავშვები და სხვა მხარდამჭერები.
მონაწილეებს არჩევანი სამ მარშრუტს შორის ჰქონდათ — 3 კმ-იანი სახალისო გარბენი, 7 კმ-იანი საშუალო საშეჯიბრო დისტანცია და 21.1 კმ-იანი ნახევარმარათონი.
7 და 21.1 კმ-იან დისტანციებზე გამარჯვებულ (I-III ადგილები) ქალებმა და მამაკაცებმა პრიზები გარბენის მხარდამჭერებისგან მიიღეს, რომელიც სპეციალურად მათთვის დააწესეს შერატონ მეტეხი პალასმა, კომპანიებმა Garmin, ჯინო ფარადაისი და მოგზაური. მოგზაურმა სპეციალურ კატეგორიაში დააწესა პრიზები მოხალისეებისთვისაც, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ ორგანიზატორებს მარათონის მსვლელობისას. ლისის ტბის ადმინისტრაცია უკვე მეოთხე წელია უსასყიდლოდ უთმობს ტერიტორიას ამ სპორტულ ღონისძიებას. ასევე, TKT.GE რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას სრულად, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გარეშე რიცხავს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში, ხოლო კომპანია TrailLab ასევე უფასოდ უწევს მომსახურებას გარბენის დაორგანიზებისთვის ყველა სტანდარტების შესაბამისად.
TKT.ge-ს მეშვეობით დარეგისტრირებულმა თითოეულმა მონაწილემ (სარეგისტრაციო შენატანი 50 ლარი) მიიღო ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო მედალი. სულ შეგროვდა 15 000 ლარამდე, რომელიც სრულად გადაირიცხა ფონდის ანგარიშზე.