2019-06-28, პრესრელიზი

EU Reporter „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შესახებ წერს

სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ უცხოურ მედიაში. ფონდის საქმიანობაზე და მის სამომავლო მიზნებზე წერს ევროპული გამოცემა, „EU Reporter“.

 

2010 წლიდან არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების შესახებ გვსმენია, როგორიცაა „მებრძოლთა თამაშები“ (Warrior Games) და „ინვიქტუს თამაშები“ (Invictus Games), რომელშიც მონაწილეობენ დაჭრილი და დაშავებული ვეტერანები. ორივე მათგანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს სიდნეიში მიმდინარე 2018 წლის „ინვიქტუს თამაშებს“. “დაჭრილ მეომართა გამორჩეული შესაძლებლობები და შემართება მსოფლიოს ახალი ამბების პირველ გვერდებზე მოხვდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია” - ამბობს გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

ეს თამაშები ამ ადამიანების ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია. ისინი ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უკან კიდევ ბევრი ქართველი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანია. რასაკვირველია, ყველა მათგანი არ მონაწილეობს ამ სპორტულ შეჯიბრებებში, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირები არიან. ისინი ჩვენში მოწიწებას და პატივისცემას აღძრავენ.

სწორედ ამ ადამიანთა მხარდაჭერის მიზნით დაარსდა საქართველოში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“. 2018 წელს „სილქნეტის“ მიერ დაფუძნებული ფონდი - WWSF, სამხედრო მოსამსახურეების და ვეტერანების, ასევე მათი ოჯახების დახმარებას ისახავს მიზნად, რათა მათ შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ეს დახმარება საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების დაფინანსებას, ასევე სპეციალური სამედიცინო მომსახურებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფას. „სილქნეტის“, როგორც კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოში პირველი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს კომპანია დაჭრილ მებრძოლებზე. ჩემთვის, როგორც სილქ როუდ ჯგუფისა და მისი შვილობილი კომპანიის, „სილქნეტის“ დამფუძნებლისთვის, ძალზე საამაყოა, რაც ჩვენ დღემდე გავაკეთეთ ამ მიმართულებით.

ფონდის დაფუძნებისას, ზოგიერთმა ამერიკულმა და ბრიტანულმა საქველმოქმედო მისიებმა და ორგანიზაციებმა გამოთქვეს კეთილი ნება და გაგვიწიეს პარტნიორობა. ესენი არიან Allied Forces Foundation, Azalea Charities და Give an Hour. როდესაც საუბარია დაჭრილ მებრძოლთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, სპორტული აქტივობის კუთხით, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნები რამდენადმე ჩამორჩებიან ამერიკას მსგავსი ინიციატივების ეფექტურობით. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიზანია, ამ მხრივ, შეცვალოს არსებული ვითარება და ევროპის მასშტაბით, საქართველო გახადოს ქვეყანა, სადაც აქტიურად გაიმართება დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერი აქტივობები.

ჩვენ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესრულებისას გადამწყვეტია მოხალისეთა ჩართულობა. კეთილი ნების გამოსაჩენად, საჭიროა, რომ საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს იმ გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც დგანან დაჭრილი ვეტერანები და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. გარდა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომისა, ჩვენი მისიაა გავზარდოთ ცნობადობა და შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რა მსხვერპლი გაიღეს ამ ადამიანებმა სამშობლოს დასაცავად. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანია დავანახოთ ყველას, თუ რაოდენ ძლიერები არიან ეს ადამიანები და როგორ შეძლეს მათ კვლავ ღირსეულად გაეგრძელებინათ ცხოვრება გამოვლილი ფიზიკური და სულიერი ტკივილის შემდეგ.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალით ქართველი დაჭრილი მებრძოლების შემართებისა, არის საქართველოს ნაკრების წარმატება მჯდომარე ხელბურთში, როდესაც მათ გაიმარჯვეს 2017 და 2018 წლებში „ინვიქტუს თამაშებში“. პრინცმა ჰარიმ ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვერავის წარმოგვედგინა, რომ ამ გუნდმა საქართველოდან, რომელსაც, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, არასოდეს უთამაშია ეს თამაში, დღეს ოქროს მედალი მოიპოვა და მჯდომარე ხელბურთის ჩემპიონი გახდა“. ამ გამარჯვებამ დიდი შემართება შესძინა ქართველ მებრძოლებს, რის შემდეგაც, სპორტულმა აქტივობებმა გაცილებით დიდი აქტუალობა შეიძინა საქართველოში, რაც, უდაოდ, მეტი გამარჯვებების და გულშემატკივრების მოპოვების საწინდარია მომავალ 2020 წლის „ინვიქტუს თამაშებში“. ამ წარმატებამ გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთათვის. მათ გაუჩნდათ რწმენა იმისა, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები არ არის აქტიური ცხოვრების წინაღობა. ამ მიღწევით მათ დაამტკიცეს, რომ ცხოვრება გრძელდება. ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსაურე ქალები და მამაკაცები ჩვენი ერის საამაყო გმირები არიან.

თუმცა, ამით არ შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა. როდესაც ფონდის პროექტებს განვიხილავდით ფონდის თანადამფუძნებელთან, პაატა პატიაშვილთან და ფონდის გენერალურ დირექტორთან, დავით მამულაიშვილთან ერთად, მივედით დასკვნამდე, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია სპორტული შეჯიბრებების ჩატარებისთვის. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით უნიკალურია, იგი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინია. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ სახით, ჩვენ ვართ მეომრებისა და ვეტერანების აქტიური მხარდამჭერები საქართველოში. ყოველივე ეს ფაქტორი გვაძლევს იმის მზაობას, რომ ვიფიქროთ ამ მიმართულებითაც. 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების მოსამზადებელი საკვალიფიკაციო შეჯიბრებების მასპინძლობამ გვაჩვენა, რომ საქართველო მზადაა უზრუნველყოს საჭირო ინფრასტრუქტურა. შთამბეჭდავი ბუნებრივი პირობები და ულამაზესი მთიანი ზონა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა ამისათვის.

სპორტული შეჯიბრის დაარსება მხოლოდ ერთ-ერთია იმ იდეათაგან, რასაც „სილქნეტი“ და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ განიხილავს სამომავლოდ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერის თაობაზე. ამასთან, ჩვენ მუდმივად ვეცნობით ჩვენი ამერიკელი და ბრიტანელი საქველმოქმედო პარტნიორებისაგან ახალ მიმართულებებს და დახმარების საშუალებებს სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებითვის. ფონდის საქმიანობის ცნობადობის გასაზრდელად, სილქნეტის ხელთ არსებულ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებაზეც ვფიქრობთ, რათა მეტ ადამიანს მოვუყვეთ ჩვენი დაჭრილი მებრძოლების საქმიანობის და ღვაწლის შესახებ ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მას შემდეგ, რაც წელს ფლორიდაში საფუძველი ჩაეყარა „მებრძოლთა თამაშებს“, სადაც მონაწილეობდნენ ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ათლეტთა გუნდები სპორტის 11 სხვადასხვა სახეობაში, იმედი მაქვს, რომ მთელს მსოფლიოში მეტი ადამიანი გაიგებს როგორც შეჯიბრებების, ისე სამხედრო მოსამსახურეთა გამოწვევების შესახებ და ჩაერთვება მათ გადაჭრაში. საქართველო და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას, როგორც ქართველი დაჭრილი მეომრების მხარდასაჭერად, ასევე ამ მხრივ, საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად. იმედი გვაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ქართულ სპორტულ შეჯიბრებებზე. ეს იქნება ჩვენი მეომრების წარსული დამსახურებისა და მათი სამომავლო მიღწევების ღირსეული აღიარება.

(იხილეთ სტატია EU Reporter-ზე)

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა