2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 15 დეკემბერს საქველმოქმედო გალა ვახშამი გამართა და საზოგადოებას გაწეული საქმიანობის შედეგები წარუდგინა.

0c2a1418

0c2a1418

0c2a1668

0c2a1668

2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 15 დეკემბერს საქველმოქმედო გალა ვახშამი გამართა და საზოგადოებას გაწეული საქმიანობის შედეგები წარუდგინა.

 

ტრადიციულ წინასაახალწლო საქველმოქმედო ვახშამზე შეკრების სტუმრებს მიესალმა ფონდის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი და მადლობა გადაუხადა დასწრებისთვის. ფონდის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა საზოგადოებას განვლილი წლის ანგარიში წარუდგინა და რამდენიმე მეომრის ისტორიაც გააცნო სტუმრებს, რომლებმაც 2008 წლის ომის დროს მძიმე დაზიანებები მიიღეს. მათ ფონდის დაფინანსებით საზღვარგარეთ ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. სულ ფონდმა 2021 წელს დაჭრილი მეომრების დასახმარებლად 437 ათასი ლარი გაიღო, რითაც 81 სამხედრო მოსამსახურეს და ვეტერანს დაეხმარა, დააფინანსა მათი ოპერაციები, მედიკამენტოზური მკურნალობა, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადება და არასრულწლოვანი შვილების მკურნალობა.

 

საქველმოქმედო ვახშამზე ფონდში შემოწირულობები ჩარიცხეს სხვადასხვა კომპანიებმა. წლევანდელი შემაჯამებელი საქმიანობა გამორჩეულია იმით, რომ  ქართულ კომპანიებთან ერთად შემომწირველთა შორის იყო ამერიკული კომპანია Silk Road Wines, რომელიც მხარს უჭერს ამერიკელ ვეტერანებს. სექტემბერში ამ კომპანიამ ფლორიდის ქალაქ ორლანდოში საქველმოქმედო ვახშამი ჩაატარა და მიღებული შემოწირულობების ნაწილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ გაუნაწილა. ფონდის საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდნენ ამერიკიდან კომპანიის თანადამფუძნებლები ბარი გრირი და იანიკ არაკელოვი. მათ 77 750 ლარის ჩეკი გადასცეს ფონდის გამგეობას. მთლიანად, ამერიკული და ქართული კომპანიების და კერძო პირების მიერ შემოსულმა შემოწირულობებმა 350 000 ლარმდე შეადგინა, რასაც 2022 წელს კიდევ სილქნეტის 300 000 ლარი დაემატება. ასეთი მობილიზებული სახსრებით ფონდი მომავალ წელსაც განაგრძობს დაჭრილი მეომრების დაფინანსებას: ეს არის ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების შეძენა, პროფესიული გადამზადების კურსები და არასრულწლოვანი შვილების სხვადასხვა საჭიროებების დაფინანასება.

 

საქველმოქმედო ღონიძიებას ესწრებოდნენ დიპლომატრულ კორპუსის, ნატოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის წარმომადგენლები, დაჭრილი მეომრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეკრებილ სტუმრებს ვიდეო მიმართვებით შემოუერთდნენ ფონდის ამერიკელი მხარდამჭერები და გამგეობის წევრები. ყოველივე ამან ნათლად აჩვენა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც გააჩნია ფონდს ამერიკის მხრიდან. ეს ადამიანები არიან აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალი უესლი კლარკი, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო ვილსონი, აშშ-ის საზღვაო ფლოტის გადამდგარი ოფიცერი და სამხრეთ კაროლინის შტატში  საქართველოს საპატიო კონსული, ფონდის ბორდის საპატიო წევრი, დევიდ შიმპი. ასევე, შეკრებილ საზოგადოებას ვიდეო გზავნილით მიმართეს ამერიკული არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდის Give an Hour-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, დოქტორმა ბარბარა ვან დალენმა და მისმა მეუღლემ, ასევე ფონდის თანადამფუძნებელმა დოქტორმა რენდი ფელპსმა. 

ეს ადამიანები ფონდს დაარსებიდან მხარში უდგანან. წელს კი თავად გამოთქვეს სურვილი და კეთილი ნება, რომ ფონდს მრჩეველთა საბჭოს თანათავმჯდომარეების სტატუსით შემოუერთდნენ.

დოქტორი ბარბარა ვან დალენი 2012 წელს ჟურნალი თაიმსის მიერ დასახელდა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის იმ წვლილის გამო, რაც მან შეიტანა თავისი საქმიანობით. იგი არის ექსპერტი ომის ფსიქოლოგიური ზეგავლენისგან რეაბილიტაციის კუთხით და დახმარებას უწევს ამერკელ ვეტერანებს და მათ ოჯახებს. მათი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ფონდისთვის. ეს ადამიანები მზად არიან, ხელი შეუწყონ ფონდის პოპულარიზაციას ამერიკის საზოგადოებაში, მოიზიდონ თანხები და გაუწიონ ფონდს კონსულტაციები. 

ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა პირდაპირ მეტყველებს ფონდის რეპუტაციულ მდგრადობაზე და სანდოობაზე, რაც ფონდს სამომავლო საქმიანობის შემდეგ ეტაპზე აყვანას უწინასწარმეტყველებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაჭრილ და დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომი ფონდის“ სახით კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა ექნება და ეს მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურთან ერთად ძალიან დიდ და კარგ საქმეებს გააკეთებს მომავალში.

15 დეკემბრის ღონისძიებაზე, ტრადიციულად, სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის ელჩი და თავდაცვის მინისტრი, ასევე ნატოს მეკავშირე ოფიცერი. თავიანთ გამოსვლებში მათ აღნიშნეს დაჭრილი მეომრების დიდი წვლილი და ხაზი გაუსვეს, რომ მათდამი ყურადღება და მათზე ზრუნვა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ საქმეში კი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მნიშვნელობა განსაკუთრებულია.   

ეს არის კარგი მაგალითი  ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობისა. ფონდის დამფუძნებელი კომპანია სილქნეტი და მისი მმართველობა სთავაზობს სხვა კომპანიებსაც და მთელ საზოგადოებას, რომ შემოუერთდნენ, რათა ფონდის საქმიანობა გახდეს საყოველთაო.  ეს არის ფონდი, რომლის მიზანია, მხარში დაუდგეს ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს. ეს არის ფასეულობა, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა გავერთიანდეს - ასეთი იყო ფონდის გამგეობის გზავნილი გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე. 

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა